Tuesday, June 13, 2017

    კლასის ხელმძღვანელის ბოლო , გამოსამშვიდობებელი სიტყვა მეთორმეტე კლასელებთან.

    იმ თორმეტ წელიწადში, რომელიც სკოლაში გაატარეთ, სკოლის მიზანი თქვენთვის მხოლოდ ცოდნის დაგროვება როდი იყო. თითოეული პედაგოგი გუდაში, რომელიც თქვენთვის, დღევანდელ დღეს , სკლის დამთავრებისას უნდა გადმოგვეცა, საგზალს გიდებდათ.ამ გუდას დღეიდან ყველა მოიკიდებთ, ის ძალიან მძიმეა, რადგან ცხოვრების საგზლით არის სავსე. მე არ მემეტებით ამის სათქმელდ , მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გითხრად, ეს გუდა ისეთივე მძიმე, როგორც თავად ცხოვრება.ეს გუდა უნდა ატაროთ ბოლომდე, თუ გინდათ გერქვათ ადამიანები.
    გუდაში ზოგი რამ ჩასადები დამრჩა, ახლა მინდა საბოლოოდ გაგიმზადოთ, კიდევ უფრო დავამძიმო, მოვუკრა პირი და ზურგზე აგკიდოთ.
   რა დაამახსოვრდა ას წელს მიღწეულ ბრძენ ებრაელ მორდეხს თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზეგაკეთებული საქმეებიდან, არაფერი სიკეთის გარდა. ამ ეპიზოდში კიდევ ერთი სიბრძნეა, სიკეთეს ჯაჭვური რეაქცია ახასიათბს. სიკეთის კეთბა ძალიან მარტივია, თუმცა მასაც ცოდნა სდომებია- "კარგი ქენი, ქვაზე დადე და შედეგს ნუ დაელოდები, წადი, ახალი სიკეთე აკეთე, ესარის სიკეთის ფილოსოფია და ცხოვრების არსიცო" გვასწავლის ჭაბუა ამირეჯიბი.
    გენიოსი მწერალი და ფილოსოფოსი დოსტოევსკი წერს: "გიყვარდეს ადამიანები ისეთნი, როგორნიც არიან, შუძლებელი რამაა. და მაინც უნდა გიყვარდეს. ამიტომ მოერიე შენს გრძნობებს, ცხვირზე ხელი მოიჭირე, თვალები დახუჭე (ეს უკანასკნელი აუცილებელია) და ისე სთესე სიკეთე."
   არაფერი იმაზე უაზრო ანდაზა არ მოუგონია ქართველ კაცს, ვიდრე ანდაზაა "სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო" -სხვისი ჭირი, შენი ჭირი, ამ პრინციპით მინდა იცხოვროთ თქვენი ცხოვრების მანძილზე. წინასწარ გაფრთხილებთ, ასეთი ცხოვრება ბევრ პრობლემებს შეგიქმნით, მაგრამ ეს არის თქვენი ადამიანური ვალი.
   არასოდეს თქვათ შავზე თეთრი, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს თქვენს პირად კეთილდღეობას სჭირდება. იყავით მართალნი ოჯახის, მეგობრების, ქვეყნის და პირველ რიგში საკუთარი თავის წინაშე. "საშიშია იყო მართალი, როდესაც ხელისუფლება ცდება"-ეს ვოლტერია, ჩემო კარგებო.
    ბევრი თქვენგანი ეკლესიის მრევლია, ეს მისასალმებელია, მაგრამ მინდა ღრმად ჩასწვდეთ მართლმადიდებლური რელიგიის ძირითად არსს: ბრძოლა, არა მარტო საკუთარი თავის კეთილდღეობისთვის, არამედ სხვათა კეთილდღეობისთვისაც.
   რისთვის ეწამა ქრისტე, სხვებისთვის, სხვათა სულების გადასარჩენად, ჩვენი სულის გადასარჩენად, თავი გაწირა კაცობრიობისთვის,ადამიანებისა და ადამიანობისთვის და დაგვიტოვა ზნეობრივი კდექსი, რითაც უნდა იცხოვროთ.
   ადამიანი ადამიანისთვის მზეაო, უთქვამს  ბრძენ კაცს, იყავით მზე სხვა ადამიანებისთვის და მიანიჭეთ მათ ბედნიერება.
   არასოდეს არ იყვნეთ გულგრილნი უსამართლობისადმი და არ დაიბანოთ ხელები პილატე პონტოელივით. ესეც ძალიან ბევრ პრობლემებს შგიქმნით, მაგრამ ესეც თქვენი  ადამიანური ვალია,არა ვიღაც პერსონალიების, არამედ  ღმერთის წინაშე.
   ჩარლი ჩაპლინს აქვს წერილი მიწერილი შვილისადმი, ჯერალდინა ჩაპლინასადმი, რომელიც არის შდევრი, მშობლისაგან შვილისადმი მიწერილი წერილისა, ის ასე მთავრდება: "მე ანგელოზი არასოდეს არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი ადამიანი ვყოფილიყავი, ეცადე შენც."თქვენც ეცადეთ იყვნეთ ადამიანები,თუმცა ეს ძალიან რთულია.
   საქართველოს უახლეს ისტორიაში გაქვთ მაგალითები იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი და იმისაც, თუ როგორი არ უნდა იყოს.მე მგონი , თუ ეს გსურთ არჩევანი არ გაგჭირდებათ, ყოველ შემთხვევაში , მე ვთვლი, რომ ჩემი მისია შვასრულე და არჩევანი გასწალეთ, სადამდე გაგყვებათ, ეს თქვენი არჩევანია.
  ჩემი "დარიგება" მინდა დავასრულო მურმან ლებანიძის ბრწყინვალე ლექსით, რომელიც ნათლად გადმოსცემს ჩემს გრძნობებს თქვენდამი და ზოგადად, ,ახალგაზრდებისადმი:

        ახალგაზრდობა,
ქედი ხარის და სიმხნე ხარის,
იმედი ხვალის და პირველი სიმდიდრე ერის,
ახალგაზრდობა-სიმაღლე ხალხის,
ახალგაზრდობა-სიახლე ქვეყნის,
ახალგაზრდობა ვერ აღავსებს იმედით ვისაც, დაღუპულია იმისი საქმე.
      მე ვენაცვალე-მაგ ამაყ კისრებს!
      მე ვენაცვალე-მაგ ლომურ ქედებს!
      მე ვენაცვალე
      საცრისხელა მაგ ლამაზ თვალებს!
      გასწით, ხარებო, ღვინიებო და წიქარებო,
      გასწით ხარებო,
     თქვნი გზა ნახეთ!

Monday, August 15, 2016

2012 წლის საპარლამენტო არჩეცნებამდე, ჩვენი ამჟამად მოქმედი დეპუტატის, გელა სამხარაულისგან შემდეგი შინაარსის წერილი მივიღე (არა მარტო მე, რის მიხედვით მოხდა ადრესატების შერჩევა ჩემთვის უცნობია).
   მოგესალმებით, პატივცემულო მანანა
   ჩემთვის დიდი პატივია, რომ შემიძლია წერილით პირადად მოგმართოთ, ვინაიდან ვიცი, თუ რა შრომა და სიყვარული მიეცით თქვენ არა მხოლოდ ჩვენ სამშობლოს, არამედ თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ცხოვრების გზაზე შეგხვედრიათ, რამდენს დახმარებიხართ და სწორ გზაზე დაგიყენებიათ. სასიამოვნოა, რომ მომეცა შესაძლებლობა ღრმა პატივიცემა გამოვხატო თქვენსა და თქვენი ოჯახის მიმართ.
   მე ვარ გელა სამხარაული,საქართველოს პარლამენტის თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კოალიციიდან "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება". ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი აზრი, რა უნდა გააკეთოს ახალმა მთავრობამ, ან როგორც დეპუტატმა, რა წინადადებები დავაყენო იმისათვის, რომ ჩემს ქვეყანაში აღარ იყოს გაჭირვება და შიმშილი, აღარ იყოს არც ერთი ადამიანი, რომრლსაც კვების, მკურნალობის და წამლის ფული არ აქვს. ახალი მთავრობა იმიტომ მოდის და დეპუტატსაც სწორედ იმისთვის ირჩევს, რომ გემსახურონ და იზრუნონ თითოეული თქვენგანის ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად.
   ვფიქრობ, რომ ჩვენი ურთიერთობა აუცილებელია-აბა ისე რა დეპუტატი ვიქნები, თუ არ გავიზიარებ როგორც თქვენს პირად პრობლემას, ასევე ქალაქისა და სოფლისთვის საჭირბოროტო საკითხებს და ერთად არ მოვძებნით ყველა დაბრკოლების გადალახვის გზას. ამიტომ გიგზავნით ჩემს კოორდინატებს..........................გთხოვთ, თუ არ შეწუხდებით და საჭიროდ ჩათვლით, გამიზიაროთ თქვენი აზრი მნიშვნელოვან, თუნდაც-უმნიშვნელო საკითხზე, დამიკავშირდით. თუ თქვენ ვერ შეძლებთ მოსვლას--და-
მირეკეთ და მე თავად გესტუმრებით.
   არ მინდა გავხდე ისეთი დეპუტატი, მხოლოდ ტელევიზორში რომ ხედავთ, ან არჩევნებზე ახსენდებით და მოხვეჭილი სიმდიდრით ითქვამენ სახელს. მინდა ვიშრომო ყოველ დღე და, წლების მერე, ისევე როგორც თქვენ, მეც სუფთა ვიყო ჩემი სინდისის, ხალხის და სამშობლოს წინაშე.
   პატივისცემით და საუკეთესო სურვილებით (ხელმოწერ
 

    ჩემი აზრი რაღაც რაღაც საკითხებზე წერილობით მივართვი ბატონ გელას თელავის ოფისში, თუმცა თვითონ ადგილზე არ იყო და თანაშემწეს დავუტოვე.
     
                   აი ჩემი პასუხი
          გამარჯობა ბატონო გელა!
   გამიხარდა თქვენი წერილის მიღება, გმადლობ, რომ ჩემი აზრი თქვენთვის მნიშვნელოვანია.
   თქვენი წერილი მივიღე მაშინ, როდესაც დეპუტატობის კანდიდატი იყავით, მეკი გწერთ, უკვე დეპუტატს, გილოცავთ!
   იმედია თქვენი წერილი მხოლოდ პიარის ნაწილი არ იყო და ჭეშმარიტად გაინტერესებთ ჩემი და ჩემისთანების აზრი.
   არ დაგიმალავთ, ხმა მხოლოდ ერთ კაცს-ბიძინა ივანიშვილს მივეცი, მინდა მალე დავრწმუნდე, რომ ვცდები და მთელი გუნდისთვის მიმიცია ხმა.
   მე მხოლოდ ერთი პატარა სოფლის სკოლის მასწავლებელი ვარ, მაგრამ საბედნიეროდ და ხანდახან ჩემდა საუბედუროდ, შემიძლია კარგის და ცუდის გარჩევა. მე ხალხი მიყვარს, ადამიანი მეცოდება, ამითომ საშინელ პროტესტს იწვევდა ჩემში ნაციონალთა თარეში, რომელთაც არაფრად მიაჩნდათ ხალხი. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც-რაღაცეებს ვდებდი სასწორზე, არ სემშინებია ღიად დამეფიქსირებინა ჩემი აზრი.
   "ოცნების" გამარჯვება თუნდაც იმ სიხარულად ღირდა, რაც ხალხმა განიცადა. სოფელში ისე მილოცავდნენ, ვიხუმრე კიდეც, ამ ხალხს ხომ არ ჰგონიაპრემიერმინისტრად მე მნიშნავენთქო.
   ნაციონალური მთავრობა ჩემთვის მაშინ დამთავრდა, როდესაც დღენახევარში ომი წავაგეთ. იმ დღეს მარტო ტერიტორიები და ახალგაზრდები, ქართველი ბიჭები კი არ დავკარგეთ, არამედ ქართველი ერის გმირული ისტორია და პატრიოტული ლიტერატურა გადაფასდა და ჩამოფასდა. ამის აღდგენას მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ეკონომიკურ აღმავლობას. ქართველი ბავშვი "სამშობლო ხევსურისას" და "მე პატარა ქართველი ვარ", იმავე რიხით, როგორადაც 2008 წლის აგვისტომდე წარმოთქვამდა, მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მერე თუ იტყვის. განგებას ვთხოვ, შეძლოთ თქვენს სადეპუტატო ვადაში ქვეყანა გაამთლიანოთ.
   ქვეყნის გამთლიანება და მეზობლებთან კეთილი ურთიერთობა ჩვენი, ყველა ქართველის სურვილია.ამ ორ რამეს როგორ მოახერხებთ თქვენი და თქვენი გუნდის, უფრო სწორად ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა. მომიტევეთ, მეც თქვენი გუნდის წევრად რომ მომაქვს თავი. დიახ, ყველა, ვინც თქვენ მოგცათ ხმა, თქვენი გუნდის წევრია.
   ბიძინა ივანიშვილს და მის კოალიციას შესანიშნავი პროგრამა აქვს. მასში კარგადაა ჩამოყალიბებული რა სჭირდება საქართველოს და ქართველ ხალხს (ქართველ ხალხში ყველა საქართველოში მცხოვრებს ვგულისხმობ), მაგრამ რადგან აზრი მკითხეთ მომისმინეთ კიდეც.
   თქვენი მოღვაწეობის პრიორიტეტი ადამიანი უნდა იყოს. "სანამ ბედნიერი ოჯახები არ გვეყოლება, ბედნიერ ქალაქებს ვერ ავაშენებთ. ხოლო ბედნიერი ოჯახი არ შეიქმნება, თუ ის არ იცხოვრებს ღირსეულ პირობებში"- წერს ალფრედ რობერტსი, მარგარეტ თეტჩერის მამა.
   მართალია, ხნდახან რთულია ადამიანებს გაუგო, ბევრი მშიერია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, არა აქვს სამსახური,არ გააჩნიათ არანაირი პერსპექტივა (ეხლა უკვე წარსულში)და მაინც "ნაცებს" მისცეს ხმა. არა უშავს, მაინც იბრძოლეთ თითოეული ადამიანის პრობლემების მოგვარებისთვის. " სამშობლო განა მარტო ლამაზი მთებია", სამშობლო ხალხია, ხალხი კი ადამიანების კრებულია. ღმერთმა ნუ ჰქნას,ნაციონალების მსგავსად ხალხი თქვენთვისაც ბრბო იყოს.
   თქვენი პრიორიტეტი ძლიერი სოფელი უნდა იყოს. ეს ქართველი ერის გენეტიკაშიც ძევს (მიწათმოქმედების ქვეყანა ვართ). საქართველოს მიწაზე ყველაფერი უგემრიელესი მოდის, ამაზე არ შემედავებით. ხალხს მიეცით საშუალება მოხნას,დათესოს და მოიყვანოს. მიწის უდიდესი ნაწილი დაუმუშავებელი რჩება, ზოგჯერ უფულობით, ზოგჯერ ტექნიკის უქონლობით.
   დაასაქმეთ ახალგზრდები, განსაკუთრებით ვაჟები, ამაზე პირდაპირპროპორციულადაა დამოკიდებული საქართველოს დემოგრაფიული პრობლემა.
   დაუბრუნეთ უნივერსიტეტებს აკადემიურობა. რექტორი მაღალი ღანგის მეცნიერი, ავტორიტეტი უნდა იყოს და არა მხოლოდ მენეჯერი, ჩვენებურად ორგანიზატორი,რომელიც უკეთ მოახერხებს მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ჩამოკიდების ორგანიზებას.
   თუ ამერიკა ჩემი მეგობარი და პარტნიორია,ჩემთვის იქ წასვლა არ უნდა ღირდეს 25000 დოლარი, ხოლო ისინი, როცა უნდა მაშინ მიდი-მოდიოდნენ ჩემს სამშობლოში.
   აქამდე ასე იყო და ჯერჯერობით დღემდე ასეა, რომ  მე და ჩემნაირებმა ხუთი წელი უდა ვიმუშაოთ, ხოლო ჩვენმა მშობლებმა ათი წელი უნდა იღინ პენსია, რომ მთავრობის ჩინოვნიკების ერთი თვის ხელფასი ავიღოთ. არ მინდა მომავალშიც ასე გაგრძელდეს.
   არ ატაროთ პედაგოგები და სხვა საჯარო მოსამსახურეები ხელმოწერებით და მუქარით ამჯერად უკვე ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად.
   რას  ველი ახალი მთავრობისგან პირად ასპექტში; ღირსეულ ცხოვრებას, როგორც ჩემი რანგის და სამსახურის ადამიანს აქვს ევროპასა თუ ამერიკაში. მუშნი ზარანდიასეული ლოგიკა- კაცი უნდა ეყოს ჯამაგირსო, ჩემს შემთხვევაში არ ამართლებს. არც ჯამაგირი მყოფნის და არც მე ვყოფნი ჯამაგირს. ვარ მუდმივად ვალებში გარღვეული ბიუჯეტით.
   არ მინდა სამშობლო, სადაც ექიმთან ვერ მივალ, წამალს ვერ ვიყიდი, კბილებს ვერ მოვიწესრიგებ და მუდმივად იმის მარჩიელობაში ვიქნები დღეს რა ვჭამოთ და ხვალ რითი დავაპურო ოჯახიო.
   როგორ ფიქრობთ, თუ მთავრობის ჩინოვნიკებს 15-20 ათასი ლარი სჭირდებათ ყოველ თვე მე როგორ და რანაირად უნდა მეყოს 300 ლარი (ეხლა ცოტა გაიზარდა ხელფასი), ან პედაგოგს რატომ არ უნდა ჰქონდეს ზაფხულში დასვენების საშუალება და რატომ უნდა იყოს ის ქრონიკულად დაღლილი და დაცემული. ნაპოლეონ ბონაპარტეს ფრთიანი ფრაზაა: "წინ ვირები, უკან მეცნიერებიო". არც გზა მინდა, თუ მეც არ ვივლი ჩემი მანქანით, არც სასტუმრო და დასასვენებელი სახლი მინდა, სადაც ვერ შევალ და ალბათ, არც შემიშვებენ და საერთოდ მომბეზრდა ქვეყანა, სადაც ჩემი არაფერი არ არის და მე მხოლოდ სიღარიბისთვის და ვალებით ცხოვრებისთვის ვარ განწირული. იმედია, თქვენც, როგორც იქნა გადაყენებული მთავრობის წევრებივით , არ მოგვთხოვთ თქვენი კეთილდღეობით და ბედნიერებით ვიხაროთ.
   არ მინდა ისეთი საქართველო, სადაც ბავშვებს ენატრებათ საჭმელი, ტკბილეული, სადაც მშობლებას არა აქვთ სახელმძღვანელოების ყიდვის საშუალება და ხშირად მათ შვილებს, წლობით არა აქვთ წიგნები და სასკოლო ნივთები (წიგნების პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდა, მთავრობა ბავშვებს წიგნებს ათხოვებს და არა სჩუქნის, რადგან ბავშვები წლის ბოლოს უკანვე აბრუნებენ). არ მინდა ქვეყანა, სადაც ადამიანი კვდება უექიმობით და უწამლობით.
   ბატონ გელა, ჩემი ქალიშვილი, მარიამ ბოჭორიშვილი, ჰამბურგის უნივერსიტეტის დოქტორანტია, (ამჯამად უკვე დოქტორი, წიგნის ავტორი და გერმანიის მოქალაქეა), ის ნიჭიერი და განათლებული ახალგაზრდაა. არ გეგონოთ იმიტომ გწერთ, რომ მისთვის სამსახურს გთხოვთ, მას დაბრუნების სურვილი არა აქვს. საზღვარგარეთ მისნაირი ბევრი ახალგაზრდაა მარგალიტებივით გაბნეული; დააბრუნეთ და ჩააყენეთ ერის სამსახურში. ასეთი ახალგაზრდების ქვეყნიდან სამუდამოდ გადახვეწა ერის ტრაგედიაა.
   თქვენი მოთმინებით ბოროტად ვისარგებლე, მაგრამ რაც გითხარით, ბევრად მეტი უთქმელი დამრჩა. გამიჭირდა წერილობით გადმომეცა ის, რაც ჩემს სულში ტრიალებს; ფილოლოგი, ან ჟურნალისტი რომ ვიყო, უკეთ მოვახერხებდი. ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვებს მოვიშველიებ: "ერთია როცა ლაპარაკობ, სხვაა თუ სწერ-ქაღალდს მსჯელობის სიზუსტე და შეუვალობა უყვარს. ამას კი დრო უნდა. მე დროც დიდი მოვანდომე და, ალბათ სიზუსტესა და შეუვალობაშიც შევცოდე".
   მიუხედავად ამისა, მჯერა, გაიგეათ რაც ვთქვი და ისიც გაიგეთ, რაც ვერ ვთქვი.
   კიდევ ერთხელ მივულოცოთ ერთმანეთს გამარჯვება. ვინძლო იმედები არ გაუცრუოთ ხალხს და "ოცნება" ოცნებად არ დარჩეს.
                                                   ნახვამდის
                       კეთილი სურვილებით მანანა ბოჭორიშვილი
                       თელავის მუნიციფალიტეტის სოფ ბუშეტის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი
 

     P.S.ჩემი ყოფილი მოსწავლე ნინო ბუიშვილი, მას მთელი საქართველო იცნობს, ამჟამდ სამედიცინო უნივერსიტეტის ბრწყინვალე სტუდენტია. ამ წერილს რომ ვწერდი მისგან SMS გზავნილი მივიღე, ის მწერს: "მასწავლებელო, თბილისში ხალხი ბედნიერი სახით დადის , და მე ფრედი მერკურის სიმღერა გამახსენდა "ჩვენ ჩემპიონები ვართ".
   გისურვებთ იყოთ ჩემპიონი ხალხის სამსახურში.



      მინაწერი ოთხი წლის შემდეგ.
     ჩვენს დეპუტატთან ამ ოთხი წლის განმავლობაში არანაირი ურთიერთობა არ მქონია, მე მას თითქმის  ტელევიზორშიც ვერ ვხედავდი, ხოლო "ოცნება" ოცნებად დარჩა თუ არა, ამის განსჯა თქვენთვის მომინდვია.
 
 


 
   


     

Monday, June 6, 2016

                                                   მერვე დღის რეფლექსია
  მივიღეთ რეკომენდაციები სასწავლო პროცედურების შესახებ.
  ბლოგზე ვისწავლეთ გვერდების ჩამატება ანუ ჩვენი გვერდი ვაქციეთ საიტად.
ვისწავლეთ, თუ როგორ გახდეს ჩვენი"გუგლ დრაივი"-სი განთავსებული ინფორმაციის გასაჯაროვება.
დავალება- მოვაწასრიგოთ ჩვენი პორტფოლიო და დავწეროთ პროექტის  გეგმა.
 როგორც ყველა ტრენინგი, დღევანდელი ტრენინგიც ძალიან საინტერესო იყო. დასაწყისში რომ ჩავისუნთქე, ტრენინგის დასრულებისასღა ამოვისუნთქე.

Sunday, May 29, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია
   დღეს ცოტა უფრო თავისუფლად ვაწკაპუნე. ვგრძნობ, რომ კუს ნაბიჯებით, მაგრამ წინ მივდივარ, მიხარია!
   რა ვისწავლე-" გუგლ დრაივი".გავხსენი საქაღალდეები და ავტვირთე ფაილები.
   კიდევ და კიდევ ვიმუშავეთ მოსწავლის ნიმუშზე.
   გავიხსენეთ სურათების ჩამოტვირთვა  "კოპი-ფეისტის" გარეშე.
   ისე სწრაფად გადის დრო დაღლასაც ვერ ვასწრებ, უფრო სწორად ისე ვარ ჩართული, ვერც კი ვგრძნობ ვიღლები თუ არა.
.

Saturday, May 28, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია
   დღეს ძალიან დიდი ინფორმაცია იყო, ამიტომ თავში ყველაფერი ამერია. გავიარეთ საავტორო უფლებების დაცვის ეთიკა, "ფოვერ პოინტის" სმარტები დაჩარტები,დიზაინი. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, განვიხილეთ რამოდენიმე პრეზენტაცია. ძალიან მინდა ეს ყველაფერი წკაპა-წკუპით ვიცოდე. სახლში ვიმეცადინებ.

Saturday, May 14, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია


 

     მიუხედავად იმისა, რომ სხვა ტრენინგის გამო, დღეს ცოტა დამაგვიანდა, მაინც ვისწავლე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირების წესები.
     მართალია თავიდან ამერია, მაგრამ მაინც გავერკვიე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების ფორმულირებაში.


მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.

 
                          მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები


       ზოგადი კითხვა:რატომ არის დღეს ასე აქტუალური ეკოლოგიური პრობლემები?
       

       თემატური კითხვები:1.რატომ შეიქმნა ნაკრძალები,აღკვეთილები და ტყე პარკები? 
               
             2.რა განსხვავებაა, ნაკრძალებს, აღკვეთილებს და ტყეპარკებს შორის?
       
       
       შინაარსობრივი კითხვები:2.. რით არის მნიშვნელოვანი ლაგოდეხის ნაკრძალი?
         1. კახეთში რომელი ნაკრძალებია? 3.    საქართველოს რომელ ნაკრძალებს იცნობთ?
        4. რომელი ენდემური მცენარეებია დაცული ვაშლოვანის და ბაბანეურის ნაკრძალებში?

          5. გარდა ძელქვისა, კიდევ რომელი მნიშვნელოვანი მცენარეა დაცული ბაბანეურის ნაკრძალში?